უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კარანტინი არ გამოცხადდება.
გახარიას თქმით, თავდაპირველად მკაცრი შეზღუდვების დაწესება მართებული იყო, რადგან ვირუსის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა.
"სამწუხაროდ, ვაქცინა არ გაჩნდა. მაშინ მკაცრი შეზღუდვები იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება. ამით ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლეს ვიცავდით გაურკვევლობის მაღალი ხარისხისა და პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც დაინფიცირების ალბათობას 90%-ზე მეტს ამცირებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოქდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ამას ქვეყნის ეკონომიკა ვერ გაუძლებს. იმის გათვალისწინებით, რომ ვირუსთან თანაცხოვრება და ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა", - აღნიშნა პრემიერმა.
ოპონენტები ხელისუფლებას გაუაზრებელად შემოღებული კარანტინის გამო აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ მთავრობამ ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირას მიიყვანა, გაზარდა უმუშევართა რაოდენობა და ვერც სამომავლო მოქმედების სტრატეგია შეიმუშავა.
გარდა ამისა, მთავრობის ოპონენტების თქმით, ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული რიცხვები მცდარია და პანდემიის შედეგად გაცილებით მეტი ადამიანი დარჩა უმუშევრად, ვიდრე ოფიციალური მონაცემებია.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის, ინფორმაციით, მიმდინარე წელს პანდემიის გამო საქართველოში შემოსავალი 100 ათასამდე ადამიანმა დაკარგა.
"დღეს არსებული მონაცემებით, რაც ოფიციალურად წარმოადგინეს კომპანიებმა და იმის მიხედვით, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას ადამიანამდეა, ვინც წელს შემოსავალი დაკარგა", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ 12 ოქტომბერს პარლამენტში, ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის, კითხვის საპასუხოდ, რომელიც დაინტერესდა, როგორ იმოქმედებს ეკონომიკური ვარდნა ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობაზე.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა შემცირდა 5.6%-ით.